ადამიანი ოკეანე

 

— რა უცნაური შეგრძნებაა, ნეტავ რა ხდება? ვკითხე საკუთარ თავს ახალ გაღვიძებულმა.

— ფაქტია რაღაც უჩვეულო ხდება, იმიტომ რომ სადღაც სხვაგან ვარ… და თანაც ეს სხვაგან — მშვენიერია.

— მოიცა, გულში ვლაპარაკობ? საკუთარ თავთან ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვაა… 

— მოიცა, მოიცა… რა ხდება ჩემი ლოგინი სადღა გაქრა? ფეხზე მდგომს ხომ არ მეძინებოდა?! აღარც ოთახი ჩანს არსად… ნუთუ სიზმარში ვარ და იქ გავიღვიძე?! მაგრამ ასე ცხადად?

თითოეულ ჩვენგანში ჩადებულია მექანიზმი, რომელიც გვკარნახობს, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. რა არის მშვენიერი და რა მახინჯი!

— ვინ ლაპარაკობს? რომელი ხარ მანდ?

— მოიცა, მოიცა… აი თურმე რა ხდება… მე მძინავს და ვიცი, რომ მძინავს… ამ უცნაურ სიზმარში კი ვდგავარ მდინარესთან, რომელიც ზღვას უერთდება… და როდესაც მე ვუცქერ ამ ზღვას, მასში ვხედავ ცისფერ, ღრმა თვალებს. რას ვგრძნობ ამ დროს?

მე ვდგავარ თრთოლვით ამ დიადი და უდრეკი ძალის წინაშე და მისი ენერგით ვიჟღინთები. ვდგავარ და ვხვდები, რომ საქმე მოცულობაში კი არა, არამედ გრძნობაში, ენერგიაში და სისავსეშია. 

უეცრად ზღვამ ამომხედა და მითხრა:

შემოქმედი ადამიანი ოკეანეს წააგავს და როდესაც მის შემოქმედებას ეხები, სწორედ მაშინ გრძნობ მის ძლევამოსილებასა და სიღრმეს!

ამ სიტყვებს დიდი პაუზა მოჰყვა… ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც მეშლებაო, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი… უბრალოდ, გაუნძრევლად ვიდექი თვალუწვდომელი ზღვის წინ და ვფიქრობდი მის სიტყვებზე.

თავში მოხეტიალე აზრები კონცენტრაციაში ხელს მიშლიდნენ და თავმოყრილ აზრებს შეშინებული წიწილებივით მიფანტავდნენ… და ერთ მომენტში… გავაცნობიერე ჩემი შეცდომაც და ამ ადგილის სიდიადეც. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო არც ტბა და არც ზღვა. ეს მისი უდიდებულესობა — ოკეანე იყო.

მე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი, რაც კი ოდესმე გამჟღავნებულა და გამჟღავნდება სამყაროში — ჩემს წინაშე იდგა… მე შევიგრძენი, რომ ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით და რომ ყოველი წვეთი და კენჭი მასში, უდიდეს ღირსებასა და ნათელ ცნობიერებას ასხივებდა.

როგორც იქნა გავბედე და ვკითხე:

— როგორ შეიძლება ადამიანი ბუნებას მიემსგავსოს და მის თანახმად იცხოვროს?

ღირსება. — მომესმა მოკლე და კონკრეტული პასუხი, რასაც მცირე პასუზა მოჰყვა… 

შემდეგ კი განაგრძო:

არიან ადამიანები, რომელთა დანახვის შემდეგაც ღირსების შეგრძნება მიჩნდება. ეს არის სილამაზის, სინატიფისა და უზადობის განცდა. ისინი ფლობენ ადამიანურ ღირსებას. სწორედ ეს არის ოკეანის უდიდესი ძალა, სიღრმე და მასშტაბი. აქ, ვაჭრებისა და გამომგონებლების მიწაზე განსაკუთრებულად იგრძნობა ადამიანური ღირსება.

— და რა ახდენს ღირსების ფორმირებას? — ვკითხე დაბნეულმა და გაკვირვებულმა, რადგან მისი პასუხი ცოტათი გაუგებარი და არადამაკმაყოფილებელი იყო ჩემთვის.

პირველ რიგში წინაპრები და ისტორია. ღირსება საუკუნეების განმავლობაში გროვდება. — მიპასუხა ცივად… მცირე პაუზის შემდეგ კი განაგრძო.

იცი რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი უბედურება?

— არა! — გაკვირვებულს წრიპინით აღმომხდა.

იმიტომ, რომ უმეცრება ზეობს ადამიანში. ყველაზე დიდი უმეცრება კი — საზრისის გარეშე ცხოვრებაა. ადამიანებს არ აინტერესებთ ჭეშმარიტება, იმიტომ რომ — თავიანთი ჭეშმარიტება აქვთ. მათ რომ აინტერესებდეთ ჭეშმარიტება, უაზრო და არაფრის მომტანი სწავლებებითა და გართობებით კი არ გამოილაყებდნენ თავს, არამედ, სამყაროს უმარტივეს კანონს შეისწავლიდნენ.

— რა არის სამყაროს უმარტივესი კანონი, რომელიც ყველაფერს ანაცვლებს? — ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა და თამამად ვკითხე.

მიზეზ-შედეგობრივი კანონი! რომელსაც ზედმიწევნით სწორად ჩამოაყალიბებთ სიტყვით, მმაგრამ, როგორც კი ქმედითობის დრო დადგება, იმ წამსვე გროშებად გაყიდით. თავად ის ფაქტი, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთში გერევათ და იმის მეათედსაც კი არ აკეთებთ, რასაც ლაპარაკობთ, უკვე დასტური და ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს ღალატობთ… თქვენი ცოდნა, თქვენსავე საზიანოდ გადგებათ… და ეს იმიტომ, რომ ღირსების გარეშე ფუჭია ცოდნის ფასი.

— კი მაგრამ, როგორ შეიძლება ადამიანური ღირსების ფორმირება? — აშკარად ვერ დავმალე უკმაყოფილება და ბრაზი.

ღირსების ფორმირებას ახდენს პერსონალური ძალა! — კვლავ ცივი და შეუვალი პასუხი დამახვედრა მან.

— პერსონალური ძალა. — ბუტბუტით გავიმეორე მისი სიტყვები და განმარტების მოლოდინში გავჩუმდი.

ეს ის კაპიტალია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი, ან მოიპოვებს, ან კარგავს. ეს არის ცოდნა, ცნობიერად შეგეძლოს მოახდინო გავლენა შენს ცხოვრებაზე. აბა ადექი და გულწრფელად უპასუხე საკუთარ თავს: ვახდენ თუ არა საკუთარ ცხოვრებაზე გავლენას?

— ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერზე გავლენის მოხდენა… თუ შეგვიძლია? — თითქოს თავისით გამომცრაო სიტყვებმა… რაც აშკარად არ მესიამოვნა ჩემი თავისგან, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი პასუხი გავეცი… მე თვითონ არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ ჩემმა სიამაყემ, რომელიც თითქოს მძიმე, ჟანგიანი ღუზასავით მეკიდა კისერზე, არ მომცა "არ ვიცი"-ს თქმის საშუალება. მე უხერხულად და ძალზედ უსიამოვნოდ ვგრძნობდი თავს, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რომ ის თავიდან ბოლომდე მშიფრავდა, განმიცდიდა… თითქოს გამჭვირვალედ მხედავსო… სასწაულია, ნამდვილი სასწაული.

საკუთარ თავზე შეგიძლია! — მცირე პაუზის შემდეგ მკაცრად წარმოსთქვა მან… ცოტა ხანში კი კვლავ განაგრძო.

ჩინელ მხედართმავარს, სუნ ძის უთქვამს:

  • "ვინც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, მას მეტი შანსი აქვს;
  • ვინც წინასწარ არ თვლის და არ გეგმავს ბრძოლას, მას ნაკლები შანსი აქვს.
  • ვისაც მეტი შანსი აქვს, ის იმარჯვებს;
  • ვისაც ნაკლები შანსი აქვს, ის ვერ იმარჯვებს.
  • ამიტომ, თუნდაც მხოლოდ იმის დანახვით, რომ ვიღაც წინასწარ თვლის და გეგმავს ბრძოლას, ჩემთვის უკვე ნათელია გამარჯვებული და დამარხებული!"

როგორ ზუსტადაა ნათქვამი! — თავადვე მოიწონა სუნ ძის სიტყვები, მცირე პასუზა გააკეთა, თითქოს მაცალა ბოლომდე გააზრება და განაგრძო:

აი პასუხიც — ვისაც მეტი შანსი აქვს, იმარჯვებს! გამარჯვება წინასწარი მომზადებით იბადება.

— პერსონალური ძალა როგორ ფორმირდება? — ინტერესით და აშკარა ნდობით, მის სიბრძნეში და სიდიადეში ასი პროცენტით დარწმუნებულმა ვკითხე მე.

საკუთარი თავის მართვით! — თავისებურ სტილში მომართვა პასუხი… და განაგრძო:

რაც უფრო ნაკლების კეთება იცის ადამიანმა, მით უფრო მეტად ფიქრობს და ჰგონია, რომ იცის. აკეთო — ეს არის განახორციელო მოქმედება მიზანთან შეთანხმებით. როდესაც გვძინავს გვგონია, რომ ვმართავთ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც გაუცნობიერებია საკუთარი თავი სიზმარში, მან იცის, რომ — ეს ილუზიაა. ვისაც გაუცნობიერებია თავი ამ ცხოვრებაში, იცის, რომ დროის უმეტესი ნაწილი მას სძინავს. ძილი — კარგია. ბავშვს ბევრი სძინავს… ძილში ის იზრდება, მას სჭირდება ძალები. მაგრამ დგება დრო, როცა უნდა გაიღვიძო. გაიღვიძო, ნიშნავს გახსოვდეს საკუთარი თავი. ეს ნიშნავს — იყო ადამიანი ღირსება და აკეთო, როგორც ღირსეულმა ადამიანმა.

— იქნებ უკეთ ამიხსნა, როგორ ვაკეთო? — კვლავ შემეპარა ხმაში ბრაზი და გაუგებრობა.

— პირველ რიგში უნდა გაიღვიძო, შემდეგ კი — აკეთო მიზანთან შეთანხმებით.

  • დაისახე მიზანი — საზრისთან შეთანხმებით.
  • გესმოდეს საზრისი — გზასთან შეთანხმებით.

— და როგორ მიიღწევა საკუთარი თავის მართვა? — ვკითხე უკმაყოფილო სახით.

საკუთარი თავის მართვისთვის, საჭიროა განვითარება ცნობიერ ნებელობითი ძალისხმევით!

მას აშკარად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან მისი სიცივე, სიხისტე, სიბრძნე და დოზირებული მზრუნველობა, ჩემს მწყობრიდან გამოსვლას იწვევდა… მას კი მგონი სწორედ ეს აინტერესებდა… რადგან სწორედ ასეთი "მე"-ს არსებობის გამო შემოიჭრა ის ჩემს ცხოვრებაში, რომ გვერდიდან შემეხედა საკუთარი თავისთვის.

— შენ ამბობ განვითარება ცნობიერ ნებელობითი ძალისხმევითო, მაგრამ — განვითარება რისი?

  • სხეული
  • გონება
  • ემოციები
  • სული

იყო მოკლე და კონკრეტული პასუხი.

და თანაც, ეს ყველაფერი — ერთია! — განაგრძო მცირე პაუზის შემდეგ. — სისტემა — ეს არის გარკვეულ იერარქიაში მყოფი ელემენტების ურთიერთკავშირი. სწორედ ამიტომ:

  • სხეულის ვარჯიში — ჯანმრთელობა
  • გონების ვარჯიში — ფული
  • ემოციების ვარჯიში — ურთიერთობები
  • სულის ვარჯიში — სარგებელი

ისინი ერთი მეორეზე ახდენენ გავლენას, მაგრამ არ ანაცვლებენ ერთმანეთს. გონება და სხეული გაძლევს ფულს, მაგრამ არა ბედნიერებას… სული და ემოციები გაძლევს ბედნიერებას, ან უბედურებას… შენ თავად აკეთებ არჩევანს, თუ რომელი მიიღო. და გახსოვდეს, ყველაფერს თავისი სავარჯიშო დარბაზი აქვს.

— და რას გულისხმობ ვარჯიშში? — ვკითხე ინტერესით.

შეგიძლია ისწავლო ცეკვა ტელევიზორში მოცეკვავეების ყურებით? — უეცრად შემომიტრიალა კითხვა.

— არა! — მკაცრად ვუპასუხე მეც.

მოცეკვავეების დაწერილი წიგნების კითხვით?

— არა!

მოცეკვავეებთან ურთიერთობით, თუ ისინი თავად გავარჯიშებენ?

— კი! — გამარჯვებული ბავშვის სახით ვუპასუხე.

შენ პირველ რიგში უნდა გაიგო, თუ როგორ გააკეთო ეს და მხოლოდ შემდეგ გახვიდე რინგზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ პრაქტიკით, საკუთარი თავის გადალახვით შევძლებთ რამის მიღწევას და ცოდნა ამ გზაზე, უკვე აღარ იქნება ზედმეტი. — რამდენიმე წამით შეერდა და განაგრძო:

მაშ ასე, არსებობს ვარჯიშის 4 სახეობა: სხეული, გონება, ემოციები და სული. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თავიანთი ნორმატივები აქვთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია გახდე ჩემპიონი წიგნების კითხვით და ვიდეოების ყურებით… და თუ აქ ვთანხმდებით, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ საჭიროა მასწავლებელი, ოღონდ მასწავლებელი არა იმ გაგებით, როგორი დატვირთვაც თქვენ მიეცით, არამედ — ნამდვილი მენტორი — ადამიანი პრაქტიკოსი!

— ეს როგო გავაკეთო? — გაკვირვებული და დაბნეული სახით ვკითხე მე.

კარგად უნდა შეარჩიო ის და შემდეგ ტოტალური ნდობა გამოუცხადო მას… წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. რაც უფრო ხისტია მასწავლებელი, მით უფრო სიღრმისეულ გარღვევებს მოახდენ ცხოვრებაში. შენ სწორედ ხისტი ხელი გჭირდება — სხვა ვერ დაგიმორჩილებს. და გახსოვდეს, არ არის აუცილებელი, გესმოდეს მისი… მთავარია აკეთო ყველაფერი, რასაც ის გეტყვის.

— კი მაგრამ, მაინც რა არის ვარჯიში?

ეს არის, ცნობიერად შეიყვანო საკუთარი თავი დისკომფორტში ახლა, რათა კარგად იყო მერე. მაგრამ ცუდად იყო ახლა. სინამდვილეში — სწორედ ეს ცუდად არის კარგად. ეს ნიშნავს აირჩიო რთული გზა.

— მე სწორედ ეს მჭირდება! — შიშნარევი ხმით, მაგრამ ურყევი რწმენით წარმოვთქვი ეს სიტყვები. — მაგრამ იქნებ უკეთ ამიხსნა, როგორ გავაკეთო ეს?

როგორ? ჰმ! როგორ და… გონებაში, სულში და სხეულში შენ უნდა გეშინოდეს იმ განუსაზღვრელობის, რომელშიც აბიჯებ, და უნდა თქვა:

"მე მეშინია, მაგრამ უკვე მღვიძავს და ცნობიერად ვირჩევ ამას!"

უეცრად გავშეშდი, თითქოს სუნთქვა შემეკრაო, სრულმა გაუგებრობამ და შიშმა მომიცვა… მე გავაცნობიერე, რომ დაახლოებით ორი საათი გაუნძრევლად და ხმა ამოუღებლად ვიდექი ოკეანის წინ და… გაუნძრევლად და ხმა ამოუღებლად ვესაუბრებოდი მას… ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს არც ერთს, მაგრამ ვსაუბრობდით… ეს იყო ყველაზე ღრმა, შთამაგონებელი და ცნობიერი საუბარი, რაც კი ოდესმე ვინმესთან მქონია. შიშმა მომიცვა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რაღაცაში, მაგრამ არ ვიცოდი რაში… ასეთი ცნობიერი, რომ არ ვყოფილიყავი,ჩავთვლიდი, რომ მძინავს, მაგრამ — მძინავს? მოვიკრიბე მთელი ძალები და ვკითხე:

— კი მაგრამ, ვინ ხარ შენ?

ვინ ვარ მეე?! ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე? — სამჯერ გაიმეორე ჩემი შეკითხვა… შემდეგ პატარა პაუზა გააკეთა და მითხრა:

არავინ, უბრალოდ, ვარ! მე "ვარ" არავინ!!! და ვინ ხარ შენ?

დავფიქრდი, თითქოს ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვისაც, მაგრამ იმავდოულად გაუგებარი… "უბრალოდ ვარ"… მე "ვარ" არავინ… მისი სიტყვები მიტრიალებდა თავში, თოთქოს რაღაც მკვრივ ზედაპირს ბურღავს და სადღაც შესვლას ლამობსო…

თუ ამხელა სიბრძნისა და ძალის მქონე ოკეანე, არის არავინ და უბრალოდ არის, მაშინ ვინღა ვარ მე? ვინ ვარ მე? და აი აქ გამონათდა — მე ვარ ოკეანე! მე ვარ!

უეცრად, რაღაც ხმა შემოიჭრა ჩემს თავში, ნაცნობი ეჭვიანი ხმა:

რას ბოდავ ბიჭო, გღვიძავს?

— ეეეჰ, გრემლინმაც გაიღვიძააა…

— მღვიძავს? ნუთუ მართლა მღვიძავს? აბა ლოგინში რატომ ვწევარ? თბილ საბანში რატომ ვარ გახვეული? უცბად წყალში ჩავარდი და დავიწყე ჩაძირვა… მაგრამ ამოვყვინთე და გამომეღვიძა.

კი, ფიზიკურად მე მეძინავს, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით, ახლა ვიცი, რომ მძინავს… ამ ძილზე არც ვსაუბრობ… აქ ფიზიკური ძილ-ღვიძილი საერთოდ არ იგულისხმებოდა… რომ გავიღვიძე, ახლაც სწორედ მაგიტომ ვაცნობიერებ ფიზიკურ ძილში საკუთარ თავს და ეს სიზმარიც იმიტომ იყო ასეთი განსხვავებული და ნამდვილი, სხვა განზომილებიდან.

მე გავიღვიძე — მე გავიღვიძე!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT


Tags:

8 комментариев to “ადამიანი ოკეანე”

  1. ელიზაბედი:

    გამარჯობა,
    მადლობა უფალს რომ არსებობ გიორგი..
    მადლობა შენ რომ ჩვენზე ასე გულით და დაუზოგავად ზრუნავ..
    შენი ბლოგების წაკითხვისას ყოველთვის ენთუზიაზმით ვივსები, და ახლაც ამ ბლოგის წაკითხვისას ემოციების ზღვარზე ვარ,გენიოსი ხარ …

  2. ქეთი:

    ამ პოსტის წაკითხვამ და გააზრებამ უდიდესი შინაგანი ეიფორია გამოიწვია ჩემში და განუსაზღვრელობაში ცნობიერად გადაშვებაა, ძალიან მაგარი ბრძნული პოსტია 🙂 მადლიერი ვარ რომ აღმოგაჩინეთ! <3

  3. ლაშა:

    ღირსების შესაძენად(თავისუფლების) ვიპოვოტ ჭეშმარიტება (მიზეზ-შედეგობრივი კანონები).ამისთვის აუცილებელია პრაქტიკოსი მასწავლებელი

  4. ლევანი:

    გიორგი,თქვენი ყოველი პოსტი ემოციებით სიყვარულით,რწმენით არის სავსე და სწორედ ეს ხდის მას განსხავებულს და საოცარს. მადლობა რომ არსებობთ მაესტრო 🙂

  5. დარეჯანი:

    გმადლობთ, რომ არსებობთ!!!

  6. ბესიკ კაიშაური:

    ღირსეულად რომ იგრძნო თავი, ჯერ საკუთარი თავის დანიშნულება უნდა გაიგო და შექმნა საკუთარი ცხოვრების შედევრი. შენ ამას უკვე მიაღწიე გიორგი, მაგრამ შენი სიდიადე იმაშია, რომ შეგიძლია სხვათა სულების მშენებლობისთვისაც იზრუნო, თანაც — თავდაუზოგავად.
    მადლობა ამისთვის!

  7. მგონია რომ ასეთი პოსტები საჭირო და აუცილებელია ყველამ(დიდი სურვილი მაქვს) წაიკითხოს და მიხვდეს რა არის მთავარი დღეს ფული, ღირსება თუ ღირსეულად მოპოვებული ბედნიერება?ფრაზა, რომელმაც მთელი სული ამომიტრიალა:
    » ცნობიერად შეიყვანო საკუთარი თავი დისკომფორტში ახლა, რათა კარგად იყო მერე. მაგრამ ცუდად იყო ახლა. სინამდვილეში – სწორედ ეს ცუდად არის კარგად. ეს ნიშნავს აირჩიო რთული გზა». საუკეთესო მიგნებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის, რათა იპოვო საკუთარი თავი ამ რთულ გზაზე და შემდგომში სრულ ჰარმონიაში იყო შენს თავთან. ძალიან დიდი მადლობა!!!!!

  8. მაგდა:

    მადლობთ გიორგი,
    თქვენ ჩემს გაუცემელ კითხვებს გაეცით პასუხი

Leave a Reply