მიზეზი #3 – «ბორბალი უკუღმა დატრიალებულა»

ქრისტე აღდგა!

პირველ რიგში, მოგილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ღმერთმა მოგმადლოს ყველაფერი, რისთვისაც შენს ცხოვრებას აზრი აქვს…

აღდგომა ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია… სწორედ ის გვაძლევს იმის რწმენასა და ძალას, რომ უფლის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს ყოველივე ბნელისა და უკეთურის დამარცხება და მასზე ამაღლება შეუძლია, რაც კი მის ცხოვრებაში ჩნდება… სწორედ აღდგომაა დღე, როცა ხვდები, რომ ამქვეყნად, სწორი ცხოვრებით ყველაფერია შესაძლებელი და რომ უფლის შეწევნით, ყველა ჩვენგანს შეგვიძლია, გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენი უმეცრებით შევიყვანეთ თავი… გფარავდეს ამ სასწაული დღის მადლი!!! heart

ახლა კი, დავუბრუნდეთ თემას, "როგორ გავხდეთ ქალი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება"…

პირველ პოსტში, ვისაუბრეთ, რომ არსებობენ სუსტი, ე.წ. "ცხოვრებისგან დაჩაგრული" ქალები და ქალების სეგმენტი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გაურბის ამ მოდელს და ცდილობს, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში, მამაკაცური თვისებებისა და უნარების დანერგვის გზით, მოახდინოს დისტანცირება მისგან და შედგეს დამოუკიდებელ და ძლიერ ქალად, მაგრამ ამავდროულად, ვერ ახერხებს ურთიერთობების დაწყებას თუ აწყობას მამაკაცებთან…

აქვე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სინამდვილეში, ეს "ძლიერი ქალის" კი არა, "ძლიერი კაცის" გზაა და სწორედ იმის გამო, რომ "პრინცები არ ქორწინდებიან პრინცებზე", ჩვენი ძლიერი, მაგრამ მამაკაცური პრინცესები ხშირად ბედნიერი ურთიერთობის გარეშე რჩებიან…

მეორე პოსტში გამოვყავით 2 ტიპის ქალები — "მამიკოს პრინცესები" და "არ-შემდგარი პრინცესები" და სტერეოტიპები, რომლებიც ოჯახში უყალიბდება თითოეულ ტიპს ბავშვობიდან… თუ არ წაგიკითხავს წინა პოსტები, გადადი მითითებულ ბმულებზე და წაიკითხე, რადგან ჩემი ყოველი მომდევნო პოსტი, წინა პოსტის ერთგვარი გაგრძელებაა…

პოსტი #1 >>

პოსტი #2 >>

ახლა კი კვლავ სტერეოტიპების შესახებ… პირველი სტერეოტიპი მამაკაცების შესახებ, ქალს გაუჩნდა ოჯახში, მაგრამ თავად ეს ოჯახიც ხომ გარშემო, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს აკოპირებს?! ჰოდა, ამიტომ ერში არსებული, ზოგადი სტერეოტიპები გაცილებით ღრმა პრობლემას ქმნის…

ამ შემთხვევაში, ეს პოსტი ეხება უფრო მეტად უმრავლესობას და ე.წ. "სუსტ ქალებს", ვიდრე ძლიერ და მამაკაცურ ქალებს… საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში სამწუხაროდ, გაცილებით დიდ სეგმენტს წარმოადგენს ეს ე.წ. "დაჩაგრული ქალები"… თუმცა ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა ძლიერი ქალების თაობა, რომელიც ღიად უპირისპირდება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ამ მანკიერ მოდელს და სხვადასხვა პროგრამით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო პროექტების მეშვეობით ცდილობს გარშემო არსებული რეალობის შეცვლას…

თუმცა ფაქტი ისაა, რომ ერთიც და მეორეც უკიდურესობებს წარმოადგენს, რომლებიც არღვევს ქალის ბუნებრივ დანიშნულებას, რომელზეც ვრცლად იქნება საუბარი 16 აპრილს "ინტელექტიკას" ვებინარზე — "მე ქალი ვარ"…

მოდი, ეს პოსტი დავუთმოთ „სუსტი ქალების“ მოდელს, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ "სუსტში" არ ვგულისხმობთ ქალის ნაზ და სუსტ ბუნებას, რაც ქალური საწყისის მანიშნებელი და მაჩვენებელია და რომლის უგულებელყოფაც, არც ე.წ. "ძლიერ ქალებს" აყენებთ სახარბიელო მდგომარეობაში.

დავიწყოთ ისტორიით… საქართველო, მთელი მისი არსებობის მანძილზე, ბრძოლით და თავდაცვით გამოირჩევა… ასე მოვედით დღემდე… და საზოგადოებაშიც, კოლექტიური არაცნობიერი მუდამ იყო ფოკუსირებული ოჯახში ბიჭების ყოლასა და გამრავლებაზე, რომ ქვეყანას ბევრი პოტენციური მებრძოლი ჰყოლოდა… სამწუხაროდ, ქალის როლი ადრევე იქნა მეორე პლანზე გადატანილი და დამკვიდრდა მისი, როგორც შვილების გაჩენის რესურსის წინა პლანზე წამოწევა…

რას აძლევდა საზოგადოება და გარემოცვა ქალს? — მამაკაცთან შედარებით შეზღუდულ უფლებებს, სახლის, კერიისა და ბავშვების მოვლის მოვალეობას და უპირობო ვალდებულებას, გონებაშიც არ გაევლო საკუთარი ბედით უკმაყოფილება, რომ სამუდამოდ არ დამშვიდობებოდა "კარგი და პატიოსანი ქალის" სახელს და სოფელს "ლინჩის წესით" არ გაესამართლებინა…

შედეგად, ქალს წაერთვა "ქალური საწყისი" — ნაზი, სიყვარულით სავსე, უდიდესი ენერგიისა და სიხარულის წყარო, რომელსაც ხელშეწყობა სწორედ მისი მამაკაცის მხრიდან სჭირდებოდა და მიენიჭა ერთადერთი უმაღლესი დანიშნულება — დედობა…

რაღა თქმა უნდა, დედობა ქალის დანიშნულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვას წარმოადგენს — ერთ-ერთი… რადგან, როგორც კი ხდება თავად ქალის, მისი ქმრის, ან საზოგადოების მიერ მისთვის მხოლოდ და მხოლოდ დედის როლის მორგება, მაშინვე ირღვევა შინაგანი ბალანსი, რომელიც გვამცნობს, რომ ქალი, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა, როგორც ქალი, მერე გახდა ის ცოლი და მხოლოდ ამის შემდეგ — დედა

სწორედ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა და ბალანსი, რომლის დარღვევაც უპირობოდ წარმოშობს კონფლიქტს, როგორც ქალის შინაგან სამყაროში, ასევე მის გარეთაც…

და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს შინაგანი და ბუნებრივი ბალანსი საქართველოში ოდითგანვე ირღვეოდა, პირველი იმით, რომ ხდებოდა მისი "შინაგანი ქალის" დათრგუნვა, მეორე კი იმით, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახები ხშირად იქმნებოდა გარიგებით და უსიყვარულოდ, ქალი ბავშვის გაჩენისთანავე, უნებლიედ, "დედის" როლს "ცოლისაზე" წინ აყენებდა… სწორედ აქედან მივიღეთ ის, რომ ქართველი ქალი — ქართველი დედის პირდაპირ სინონიმად იქცა…

ახლა კი, გადმოვიდეთ აწმყოში და ვნახოთ, თუ რა ხდება ოჯახში, როცა ზემოთ აღნიშნული ბალანსი ირღვევა? მოდი, მივყევთ თანმიმდევრულად და განვიხილოთ ერთ-ერთი გავრცელებული და ცოტათი უტრირებული მოდელი…

ქალი თხოვდება თუ არა, მაშინვე ირთვება საზოგადოებრივი სტერეოტიპის მრიცხველი — სუუულ მალე მას აცნობიერებინებენ, რომ მან უნდა დაივიწყოს ახლა თავისი ინტერესები და დაიწყოს ქმრის ინტერესებით ცხოვრება… და რაც მთავარია, პრეტენზიებიც არ უნდა გამოთქვას, თუ ის პატიოსანი ქალია… კაცი გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს, მან კი ყველა უკმაყოფილება, რაც კი გაუჩნდება, თავის თავში უნდა დაიტიოს, რომ ხალხისთვის სანიმუშო მეუღლედ დარჩეს…

"თუკი გათხოვება გინდოდა, ახლა კეთილი ინებე და ყველაფერი აიტანე"… მორჩა, ქალს მომენტალურად წაერთვა "ქალობის" უფლება და პირველ ადგილზე დაუდგა "ცოლობა", უკვე უკუღმა დატრიალდა ბალანსის ბორბალი და წამოვიდა პირველი შინაგანი და გარეგანი უკმაყოფილება და კონფლიქტი…

ახლა კი იწყება მეორე, არანაკლებ მძიმე სერია ქალის ცხოვრებაში — ოჯახში ჩნდება ბავშვი… ყველა ბედნიერია, ყველას უხარია, ქალმაც რაღაცნაირად ამოისუნთქა, რადგან საკუთარ თავში შეიცნო ის უდიდესი დანიშნულება, რასაც დედობა ჰქვია და აქ მოხდა მეორე დარღვევა — მან, იქიდან გამომდინარე, რომ "ცოლის" მდგომარეობა მისთვის შინაგანად მიუღებელი იყო, უპირველეს ადგილას გადმოიტანა — "შინაგანი დედა" და ის გახდა ჯერ "დედა", ამის შემდეგ "ცოლი" და სადღაც, მხოლოდ გულის სიღრმეში, დარჩა ქალად…

 ყველაფერი თავდაყირა დადგა და ეს ოჯახსაც დაეტყო: ქმარი სულ უფრო და უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მას დროს აღარ-ვეღარ უთმობენ, რომ მისი ადგილი "ვიღაცამ" დაიკავა, ამას პირდაპირ ვერც ამჟღავნებს (აბა, საკუთარ შვილს პირდაპირ ხომ არ დაუპირისპირდება) და მთელი შინაგანი აგრესია და უკმაყოფილება ქალის მისამართით გადააქვს, რომელსაც, თავის მხრივ, ვერ გაუგია, რა დააშავა, რას აკეთებს არასწორად და "წყევლის ან იმ დღეს, როცა დაიბადა, ან კიდევ, როცა ქმარს შეხვდა პირველად"…

მერე იწყება გავრცელებული პრობლემები, სახელად — "კაცი მიდის სხვა ქალთან", "კაცი ხდება მოძალადე", "კაცი იწყებს სმას" და ათასი უბედურება კიდევ…

კაცი, ისე რომ საერთოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს, ყველაფერს უმისამართებს ქალს და ოჯახური ცხოვრება ხდება აუტანელი და გაუსაძლისი, სადაც იზრდებიან შვილები და შემდგომ აკოპირებენ რა ზუსტად იმავე მოდელს, რაც ოჯახში დაინახეს, ზუსტად იმავეს გადასცემენ შვილებს… ასე აკოპირებენ თაობები ურთიერთობების ამ მახინჯ მოდელს და ჩვენ კიდევ ხშირად ვსხედვართ და გვიკვირს, რატომ არ გვეშველა ამდენ ხანს…

რაშია გამოსავალი?

პირველი — იმის გაცნობიერებაში, რომ უკვე არსებული პრობლემების შემთხვევაში, როცა ქალი განადგურებულია, როგორც ქალი და მამაკაციც ასევეა განადგურებული, როგორც ცოლი-დედისგან "მარტო და უყურადღებოდ" დარჩენილი კაცი, ორივე მართალია… და ორივე დამნაშავეა… უფრო სწორად კი, ყველაფერი დარღვეული და უკუღმა დატრიალებული ბალანსის ბორბლის ბრალია…

მეორე — ბალანსის აღდგენაში… თუკი თავიდანვე სწორად მოხდება ქალის ქალურობის გააზრება, დაფასება და ხელშეწყობა, როგორც უპირველეს ყოვლისა, თავად ქალის და შემდეგ მისი მამაკაცის მიერ და თავის ადგილზე დადგება "შინაგანი ქალი", რომელიც არასოდეს წავა საკუთარი ინტერესების დათმობაზე "ცოლობის" ხათრით, მამაკაციც ძლიერ და ამასთანავე სუსტ, ლამაზ, ნაზ და მოსიყვარულე არსებას მიიღებს შემავსებლად და ცხოვრების მეგზურად და ქალიც აღარ იგრძნობს თავს დაჩაგრულად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია…

ხოლო როცა დადგება დედობის ეტაპი, ქალი ჯერ საკუთარ მეუღლეზე იზრუნებს, რადგან მხოლოდ მეუღლე ახდენს მასში მთელი იმ სინაზისა და სიყვარულის სტიმულირებას, რითიც ქალი არსებობს და ცოცხლობს და მხოლოდ ამის შემდეგ, ისინი უკვე ერთად და ერთმანეთის ხელშეწყობით აღზრდიან საკუთარ შვილებს — ჯანსაღ თაობას, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობების კოპირებას მოახდენს… და "სოფელიც აშენდება"… smiley

ხშირად მსმენია ქალებისგან, რომ კაცებს ვერ გააგებინეს ვერაფერი და ყველაფერი იმიტომაა ცუდად, რომ კაცები არ იცვლებიან… მაგრამ მოდი, გულახდილები ვიყოთ — იმ კაცებს ჩვენ არ ვზრდით? დედამ — ქალმა არ გაზარდა ის კაცი იმ დამახინჯებული მოდელით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ? დედა არ უნერგავს შვილს, ბიჭს, რომ ის რაღაცით უპირატესია ქალზე და ყველა არა, მაგრამ ბევრი დედა საგულდაგულო გეგმას ამზადებს, როგორ "არ დათრგუნოს მომავალმა რძალმა მისი ასე სიმწრით და ფერებ-ფერებით გაზრდილი ბიჭი?" ბევრი დედა ზრის ქართველ კაცს ნამდვილ და ძლიერ კაცად, თუ შემთხვევით, მასზე მიკერებულ, 40 წლის ასაკშიც "პატარა და დაუცველ" ბიჭად, რომლის "ერთადერთ" ფუნქციასაც იმის გაკონტროლება წარმოადგენს, ცოლმა კარგად დაალაგა სახლი თუ ვერა, სადილი დროზე დაახვედრა თუ ვერა… და ა.შ. და ა.შ.

ჰოდა, დროა საკუთარი თავებიდან დავიწყოთ და ჩვენვე მოვახდინოთ იმ რეალობის შეცვლა, რომელიც ახლა სწორედ ჩვენ გვაყენებს არასახარბიელო მდგომარეობაში…

დღევანდელ პოსტს ძალიან აღარ გავაგრძელებ, რომ აღდგომის განწყობას "მეტი წუთი აღარ მოვპარო" smiley

შეგახსენებ, რომ 16 აპრილს, "ინტელექტიკა" ამ თემებზე ჩაატარებს ვებინარს — "მე ქალი ვარ", სადაც კიდევ უფრო ღრმად გაეცნობი ყველა მიზეზს, რატომ არ არიან ქალები ურთიერთობაში ბედნიერები და თუ მათ რიცხვს მიეკუთვნები, რა შეიძლება შეცვალო, რომ ძალიან მალე შეიცვალოს შენი რეალობა…

თუ ჯერ არ გაგივლია რეგისტრაცია ვებინარზე, გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე, გაიარე უმარტივესი პროცედურა და გააფორმე ხელმოწერა: http://inteleqtika.biz/webinar

დაელოდე ჩემს ხვალინდელ პოსტს… ხვალ მოგცემ იდეალური ოჯახის ასაწყობი ფაზლის რუკას… რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგო, სად ხარ შენ და სად არის ის ერთადერთი, რომლის გამოც ცხოვრება გიღირს…

P.S. გთხოვ, კომენტარებში გამოთქვა შენი მოსაზრება, რამდენად საინტერესო და აქტუალურია ეს თემა შენთვის და თუ არიან შენს გარემოცვაში ქალები, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით იტანჯებიან და ვერ ცხოვრობენ საოცნებო ცხოვრებით…

თუ მოგეწონა პოსტი, გაუზიარე მეგობრებსაც…

სიყვარულით, ნატა თვალაძე [NT]


Tags: ,

One Response to “მიზეზი #3 – «ბორბალი უკუღმა დატრიალებულა»”

  1. ლაზარე:

    ქრისტე აღსდგა.გილოცავთ ყველას აღდგომას.პრობლემის სიღრმისეული ანალიზი ბევრად საინტერესოა .უმრავლესობას უნდა გაიგოს მიზეზი, საიდან მოდის პრობლემები .

Leave a Reply