ერთობა

ან ორიოდე სიტყვა ცხოვრების არსის შესახებ

 


"ჩვენი შესაძლებლობა და უნარი, მივაღწიოთ ერთობას არსებულ მრავალფეროვნებაში, შესანიშნავი გამოცდა იქნება ცივილიზაციისათვის!" © მაჰათმა განდი


მოგესალმები ჩემო ერთგულო მკითხველო!

ამ პოსტში მე მინდა, სამყაროს ორი პრინციპის შესახებ გაგესაუბრო, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ორი მსოფლმხედველობა და როგორც ყოველთვის, ისინი საკმაოდ არა თანაბრად არიან გაყოფილები. პირველს [უმრავლესობა] მივყავართ ცხოვრებისეულ პრობლემებთან და მარცხებთან, ხოლო მეორე კი [უმცირესობა] პირიქით, ხელს გვიწყობს ვიპოვოთ საკუთარი თავი და შევიცნოთ ამ ცხოვრების ჭეშმარიტი არსი.

პირველი მსოფლმხედველობა — როდესაც ადამიანი თავს მიიჩნევს სამყაროსგან გამოყოფილ, ცალკეულ პიროვნებად. ის არაცნობიერ დონეზე თვლის, რომ არის ინდივიდუალური და ყველასგან გამოყოფილი ადამიანი.

მეორე მსოფლმეხდველობა — როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ის ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია.

— რატომ არის ასეთი წამგებიანი პოზიცია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სუპერ უნიკალური ინდივიდის კონტექსტში განიხილავს?

ახლა კი, თვალსაჩინოობისათვის მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.

მაგალითი პირველი: მოზარდები

მოდი ავიღოთ ორი მოზარდი [ბიჭები]. ერთი ხელმძღვანელობს პირველი პრინციპით, მეორე — მეორეთი. პირველ მოზარდს სთავაზობენ ნარკოტიკს და ეუბნებიან: "მოდი, მოდი გასინჯე, მაგრად გაგისწორდება!" და ის იწყებს განსჯას: "კარგი… ცოტას გავსინჯავ, რა უნდა მოხდეს ისეთი?!", "თუ არ გავსინჯავ არ ვიქნები "კაი ტიპი" და ვერ დავიმსახურებ პატივისცემას და ა.შ!" [უნდა გვესმოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი განსჯები არაცნობიერ დონეზე ხდება და არა პირდაპირი დიალოგის რეჟიმში]. შემდეგ ის უსინჯავს გემოს ნარკოტიკს, შემდეგ კიდევ, კიდევ, კიდევ…….. და მისი ცხოვრება იწყებს დაღმასვლას.

ახლა წარმოვიდგნოთ, რომ მეორე მოზარდს სთავაზობენ ნარკოტიკს, ეს ახალგაზრდა კი საკუთარ თავს აღიქვავს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილს [სამყაროს, ბუნების, ღმერთის, ადამიანის, ენერგიის ნაწილად]. მისი შინაგანი დიალოგი იქნება შემდეგი: "თუ მე მივიღებ ნარკოტიკს, იქნება თუ არა ეს სარგებლიანი?" პასუხი ნათელი და ცხადზე ცხადია: არა!!! ასეთი ადამიანის წინაშე იშვიათად დგება მსგავსი კითხვები: "მივიღო თუ არა ნარკოტიკი?", "მოვწიო თუ არა?", "დავლიო თუ არა?" და ა.შ. იმიტომ რომ ის მასშტაბურად აზროვნებს! ის არ აზროვნებს ცხოველური ვნებების კატეგორიებით და ყოველთვის საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, რამეთუ მას კარგად ესმის, რომ მისი კარგად ყოფნა, მისი გარემოცვის, ქვეყნის და მთელი სამყაროს [თუნდაც მწირი] კარგად ყოფნაა.

ციტატა ბოდო შეფერის წიგნიდან: "გამარჯვებულთა კანონები"


"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ მილიონ დოლარად შეფასებული ცხენი. როგორ მოექცევით მას? რას აჭმევთ? დაალევინებთ მას არაყს და ლიმონათს? აჭმევთ კარტოფილის ჩიფსებს მაიონეზით? დესერტად მიართმევთ შოკოლადის მუსს? წყლის ნაცვლად დაალევინებთ ლუდს? ღამღამობით ატარებთ კლუბებში და ასმენინებთ გამაყრუებელ მუსიკას? დააწყებინებთ მოწევას და სადგომში შეუტანთ ტელევიზორს, რათა ვერ დაიძინოს ღამე? რა თქმა უნდა არა! მაგრამ, მაშინ რატომ ექცევიან ადამიანები საკუთარ თავს ასე?" © ბოდო შეფერი


ადამიანი, რომელიც ერთი მთლიანი ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად აღიქვავს თავს, არასოდეს მოიქცევა ასე სულელურად.

ხოლო ადამიანი, რომელიც ცხოვრობს შემდეგი კატეგორიებით: "სანამ ცოცხალი ხარ უნდა მიიღო ყველაფერი!", "რა მნიშვნელობა აქვს რა იქნება  ჩემს შემდეგ!" და ა.შ. ის, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ნელ-ნელა ანადგურებს საკუთარ თავს და მის გარემოცვას.

სამწუხაროდ ადამიანებმა დაივიწყეს ვინ არიან, რისთვის მოვიდნენ ამ ქვეყნად, რა მისია და დანიშნულება აკისრიათ მათ და მომხმარებლური ცხოვრებით, ცხოველური ვნებებით [ნაყროვანება], ხელვნური გართობებით [ტელევიზორი, ინტერნეტი, კლუბები და ა.შ.] ცდილობენ დაახშონ საკუთარი სინდისის ხმა და გაამართლონ თავიანთი უაზრო არსებობა.

 მაგალითი მეორე: ბუნება

როგორ ფიქრობ, ადამიანი, რომელიც სამყაროს ნაწილად თვლის თავს, დაანაგვიანებს ბუნებას? პასუხი აქაც ნათელია: არა!!! ჩვენი პლანეტის ეკოლოგია ისედაც ცუდ მდგომარეობაშია და არ ღირს ისეთი უმეცრების გამომჟღავნება, რაზეც შემდეგ ისევ ჩვენ მოგვიწევს პასუხის გება. რაც უფრო მეტი ადამიანი იაზროვნებს ერთობის კატეგორიებით, მით უფრო სუფთა იქნება ჩვენი საყვარელი დედამიწა.


"ყოველი ადამიანი თუნდაც მხოლოდ საკუთარი სახლის შესასვლელს რომ ასუფთავებდეს, მთელი სამყარო სუფთა იქნებოდა!" © დედა ტერეზა


მაგალითი მესამე: ომი

შეგიძლია ერთ ხელში აიღო ჯოხი და მეორე ხელს რაც ძალა და ღონე გაქვს დაუწყო რტყმა? რა თქმა უნდა — არა! გამოდის, რომ ადამიანებს, რომლებიც ომობენ და ერთმანეთს ხოცავენ, საერთოდ არ ესმით ეს. ჩვენს მრავალ გზის ნატანჯ ქვეყანას არაერთხელ გაუვლია ომი და უბედურება. როგორც იტყვიან, რა არ გადაგვხდენია და რა არ გვინახავს — სამოქალაქო ომები, მოძმე ერებს შორის გაჩაღებული ომები, დიდსა და პატარა სახელმწიფოებს შორის გაჩაღებული ომები, "საძმოებს" შორის "კაი ბიჭობის" სტატუსის დასაცავად გაჩაღებული ომები და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით ყველაზე საშინელი — ძმათა მკვლელი ომია. სამწუხაროდ ამ ძმათა მკვლელ ომებში უმარავი ქართველი დაიღუპა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ისინი საკუთარი ძმების ხელიდან დაეცნენ. ეს, რაც შეეხებოდა ქართველებს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, თმები ყალყზე დაგვიდგება. 

იქნებ კმარა? იქნებ დრო მოვიდა, რომ გავახილოთ თვალი?


"გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც ხალხთა სიბრძნემ უნდა დასძლიოს!" © ოტო ფონ ბისმარკი


მაგალითი მეოთხე: პროფესიის შერჩევა

რა პროფესია შევარჩიო? არყის, ლუდის, სიგარეტის წარმოება/გავრცელებაზე ხომ არ ვიმუშაო? იქნებ კაზინო ან ტოტალიზატორი გავხსნა? ასე ფიქრობს ადამიანი საქმიანობის ან პროფესიის შერჩევის წინ.

ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს სამყაროსთან ერთობას, ნებისმიერ ხელსაყრელ სამიანობას აირჩევს, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც ის ამ შემთხვევაში ფიქრობს — ეს მოგების მიღებაა. სამწუხაროდ მას საერთოდ არ აინტერესებს ის, თუ ვის აყენებს ზიანს მის მიერ წარმოებული ან შემოტანილი საქონელი.

ხოლო ადამიანი, რომელიც ფიქრობს ერთობის კატეგორიებით, აირჩევს სასარგებლო და ეკოლოგიურ პროფესიას და არასოდეს ჩავარდება დეპრესიაში იმის გამო, რომ მაგალითად მისი მეზობელი, რომელმაც სიგარეტის ვაჭრობით დააგროვა ქონება, მასზე მეტს გამოიმუშავებს.

მაგალითად ჩვენ გაგვაჩია ფასეულობებისა და პრინციპების სისტემა [ჩვენი კონსტიტუცია] და ამ სისტემაში ეკოლოგიურობას ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბიზნესისკენ გვიჭირავს გეზი, ჩვენ არასოდეს დავკავდებით ისეთი ბიზნესით, რომელსაც სამყაროსთვის და ადამიანისთვის ზიანი მოაქვს [მაგალითად ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესები].

მე ვფიქრობ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, თუ რა უნდა ვაკეთოთ და როგორ ვიცხოვროთ!

ამ პოსტის ბოლოს კი, მინდა შემოგთავაზო არჩევანი: შენ უნდა აირჩიო — ან იყო ადამიანი, რომლის წინაშეც მთელი სამყარო ვალშია — ან გააცნობიერო, რომ პირიქით შენ გაქვს ვალი მთელი კაცობრიობის წინაშე და ამ ვალის გასტუმრების საუკეთესო საშუალება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაა. ანუ — გახდე მთელი სამყაროსა და თითოეული ადამიანის შემადგენელი ნაწილი და იშრომო ამ ერთობის გაღრმავება, გამრავლება, გადაცემაზე და ჩვენი პლანეტისა და ადამიანისთვის ჭეშმარიტი სარგებელის მოტანაზე.

ეს კი დაპირებული სიურპრიზი, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულისა და კიდევ მრავალი სასარგებლო და ღირსეული ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანესი დეტალების მოგვარებაში დაგეხმარება!!!


"ძალა ერთობაშია!"


P.S.  რომელი მსოფლმხედველობით ხელმძღვანელობ შენ და საერთოდ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? ძალიან გთხოვ ნუ დაიზარებ და გაგვაცანი შენი აზრი კომენტარებში.

P.P.S. თუ მოგეწონა პოსტი აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც. წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე


Tags: , ,

9 комментариев to “ერთობა”

  1. ჩემი პირველი (და უკანასკნელიც 🙂 )მცდელობა ბიზნესის კეთებისა ვაჭრობის სფეროში, კრახით დასრულდა სწორედ მეოთხე მაგალითში მოყვანილი პრინციპების გამო.

    «ჩემს მაღაზიაში შხამი არ გაიყიდება» — განვუცხადე მაშინ ჩემს სპონსორს და ამ სიტყვებს თან ისეთი ღრმა «ნაფაზი» მივაყოლე (მაშინ ვეწეოდი), რომ მას თავიდან ჩემი ნათქვამი ხუმრობა ეგონა და კინაღამ სიცილისგან ჩაბჟირდა, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ არ ვხუმრობდი, გამომეტყველება ისეთი გაუხდა, როგორიც ალბათ მე მექნებოდა, უცხოპლანეტელს რომ გადავყროდი სადმე ქუჩაში. (თუმცა შეიძლება ყოველდღე ვხვდები კიდევაც,მაგრამ ვერ ვხვდები ამას, ვინ იცის 🙂 )

    მაშინ წარმოდგენა არ მქონდა წარმატების ფილოსოფიაზე, მაგრამ დღეს ვიცი, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება შეიძლება განიცადო და წარმატებას ეზიარო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ თვითონ მოგაქვს სარგებელი სხვა ადამიანებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ცხოვრობ. რომ თუ გინდა მიიღო, მაშინ ჯერ უნდა გსცე და მიიღებ იმას რასაც გასცემ.

  2. უღრმესი მადლობა გიორგი, როგორც ამ არაჩვეულებრივი პოსტისთვის, ისე იმ სიურპრიზისთვის, რომელიც შენი ერთგული მკითხველებისთვის მოამზადე… დარწმუნებული ვარ ის ისეთივე ფასეული, სასარგებლო პროდუქტი იქნება საზოგადოებისთვის, როგორიც შენი სხვა პროდუქტები, ეს ბლოგი და საერთოდ მთლიანად შენი და შენი გუნდის მოღვაწეობა!

    წარმატებები!

  3. «სიურპრიზი» ნამდვილი სიურპრიზი იყო, გიორგი 🙂

    პირადად გითხარი და აქაც გავიმეორებ, როგორც შენ გიყვარს თქმა: იზრდები ბამბუკივით :), რაც ძალიან მახარებს და შენ ეს იცი.

    პოსტის იდეასაც მთლიანად ვიზიარებ: შეუძლებელია ცხოვრებას, ყოფიერებას დაუპირისპირდე, მის მიღმა დადგე, მისგან თავი გამოაცალკევო და პასუხი არ აგო. იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა გარდაუვალი მარცხით მთავრდება, თუმცა ხანდახან ეს მარცხი შემოვლითი გზებით ან სულ სხვა ფორმით გვევლინება და გვგონია, რომ არ ვისჯებით ან, ერთი შეხედვით, უსამართლოდ ვისჯებით ხოლმე და ვიყვედრებით «რისთვის, ღმერთო!»

  4. ნონა დათუაშვილი:

    შესანიშნავია! მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტად ადამიანების მიერ ღმერთის დავიწყებამ განაპირობა ნარკოტიკიც და ყველა სხვა ცოდვები. ეს არის პირველსაწყისი ყველაფრისა, იმ ადანმიანს რომელსაც გულწრფელად და არა საზოგადოების დასანახად წამს ღმერთის არ მიცემს თავს უფლებას დროებითი სიამოვნებების გულისთვის ზეციურ სასუფეველზე თქვას უარი.ღმერთმა მოგვცეს ძალა და გავაძლიეროს, რომ გავუძლოთ ცდუნებებს! წარმატებები გიორგი თქვენ კეთილ საქმეში, ძალიან კარგი და სწორი ადამიანი ხართ!

  5. david tsilosan:

    ძალიან მაგარი წიგნია! დაახლოებით მქონდა მსგავსი წარმოდგენები მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიგე რეალური და დალაგებული სიმართლე!
    ერთგულად მივყვები ნაბიჯებს და ვნახოთ რა გამოვა!

  6. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე….. ცხოვრებაში რომ არ გეშინოდეს , რას იზამდი ????!!!!

  7. წარუმატებლობა მხოლოდ იმის ბრალია , რომ წარმატების მისაღწევად რაღაც თვისება , ძალა, ცოდნა ან გამოცდილება არ გაგვაჩნია. უმეტეს შემთხვევაში კი გვეშინია. დაძლიე საკუთარი შიში და მოიპოვე რეალური თავისუფლება …..!!!!
    მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიო ცხოვრებაში წარმატებას …!

  8. ნათია:

    ძალიან მომეწონა თემა 🙂 მთავარია შეიგრძნო რომ ხარ ამ ერთი დიდი და მშვენიერი სამყაროს ნაწილი და თუ ეს მოხდება მაშინ შეცდომების ნაკლები იქნება, ნაკლებ ზიანს მიაყენებ საკუთარ თავს, სხვებს და წარმატებასაც ადვილად მიაღწევ.მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, იქამდე მისვლაა საჭირო 🙁

  9. სოფიო:

    ძალიან ძალინ მაგარია ეს სტატიაც და ყველა სხვა დანარჩენიც..ისეთ რაგაცეებზე დავიწყე ფიქრი მიკვირს აქამდე რატომ არ მომდიოდა აზრად რომ მეფიქრაა…დარწმუნებული ვარ როცა ბოლოში გავალ სულ სხვა ადამიანი ვიქნებიი..დიდი მადლობა …

Leave a Reply