როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?

მოგესალმები მეგობარო!

ჩვენს რუბრიკაში: პირდაპირი საუბრები, მრავალი კითხვა დაგროვდა, ხოლო ყველაზე მეტი მოთხოვნა კომპლექსების დაძლევაზე და სირცხვილისგან განთავისუფლებაზე იყო, ასე რომ გადავწყვიტე ეს პატარა პოსტი დამეწერა. ასევე გადავწყვიტე ჩვენი გუნდური ტრენინგიდან ერთი პატარა ვიდეო დანართიც გამეკეთებინა, სადაც სწორედ კომპლექსებზე და მათი მოგვარების ორიგინალურ ხერხებზეა საუბარი.

დაწყებული საკუთარი თავის, სიტყვებისა და ქცევების ურწმუნობით, არასრულფასოვნების კომპლექსით დამთავრებული, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იატანჯება სხვადასხვა სახის კომპლექსებისგან. ერთ დროს, მეც მათ რიგებში ვიყავი, ასე რომ ეს საკმაოდ ნაცნობი თემაა ჩემთვის და რახან მე შევძელი ამ სენისგან განკურნება, დამერწმუნე, რომ თუ კარგად მოინდომებ — შეძლებ შენც.

რა არის კომპლექსი და საიდან მოდის ის?

სოციუმის მიერ ადამიანს თავს ეხვევა სხვადასხვა სახის კომპლექსები, ანუ მეტწილად ის ბავშვობაში ჩნდება და შემდეგ ღრმად იდგამს ფესვებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განუყრელი მეგობარივით გვერდში უდგას და ყველგან თან დაყვება მას. თუ ჩაუღრმავდებით ამ კომპლექსების გაჩენის მიზეზსაც კი შეიძლება მივაგნოთ.

— როგორ?

მოდი ავიღოთ ყველაზე გავრცელებული კომპლექსი, მაგალითად ადამიანის გარეგნობა და განვიხილოთ პატარა ისტორია გოგონაზე სახელად ხათუნა:

სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონა [ხათუნა] იზრდება, ხდება მიმზიდველი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის საერთოდ არ არის ბედნიერი. მის გარშემო ყველა აღიარებს, რომ ის ულამაზესია, მამაკაცებიც არ მალავენ მის მიმართ ინტერესს, მაგრამ საკუთარი ცხვირის გამო ხათუნა თვლის, რომ ის არის უშნო. წიგნი სათაურით: "როგორ გავნთავისუფლდეთ კომპლექსებისგან" მის სამაგიდო წიგნად იქცა, ის ხშირად დადის ფსიქოლოგთან და აგროვებს ფულს პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად.

— ეს გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის საწყისი მიზეზი არ გაინტერესებს?

ხათუნას ჯერ კიდევ სკოლაში, კლასელმა ბიჭმა უთხრა, რომ მას დიდი ცხვირი აქვს და ის "ბაბა იაგას" შეადარა, რაც სხვა ბავშვებმაც აიტაცეს და დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდნენ მას.

როდესაც ხათუნა სახლში მივიდა, სარკესთან მიირბინა და გაიფიქრა — რახან ყველა ასე თვლის იქნებ მართლაც დიდი ცხვირი მაქვს?! აი ასე დაიბადა ხათუნაში კომპლექსი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მოსვენებას არ აძლევს მას. როდესაც ის გაიზარდა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოეშორებინა კომპლექსები, მაგრამ ერთი წამიც კი არ დაუხარჯია იმაზე ფიქრზე, თუ რა იყო ამ კომპლექსის გაჩენის მიზეზი. მას არც კი გაუფიქრია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ბავშვობაში მოხდა და რომ შეიძლება მას რეალობასთან ელემენტარული კავშირიც კი არ ჰქონოდა. ხათუნას უბრალოდ სიღრმისეული ანალიზი რომ ჩაეტარებინა, შეიძლება ის მტკივნეული ცხვირის ოპერაციაც კი არ დასჭირვებოდა, რომელმაც პრობლემა მაინც ვერ მოუგვარა!!!

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითის მოსაყვანად გამოგონილი ისტორიაა, ალბათ დამეთანხმები, რომ ის ნათლად ასახავს ჩვენს დღევანდელობას და მისი მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ:

1. კომპლექსი ეს არის სოციუმის მიერ თავს მოხვეული და გაბუქებული რამ, რასაც ხშირ შემთხვევაში რეალობასთან ოდნავი კავშირიც კი არ აქვს.

2. სისულელეა ებრძოლო შედეგს, როდესაც ჭეშმარიტი მიზეზი არ არის იდენტიფიცირებული, ხოლო ის დიაგნოზი, რომელსაც შენ ფლობ არის ყალბი და მცდარი.

გახსოვდეს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც შენ თავს მოგახვიეს სხვადასხვა კომპლექსები, უკვე მრავალი წელია დაივიწყეს მათ შესახებ, შენ კი დღემდე საკუთარ ბეჭებზე გაქვს შემოდებული და ყველგან თან დაატარებ მათ.

კომფლექსების ძირითად სათავეს წარმოადგენს — შიში.

შიში სხვადასხვაგვარია:

  • შეცდომის დაშვების შიში;
  • დაცინვის შიში;
  • კრიტიკის შიში;
  • სიახლის შიში;
  • და ა.შ.

შიში, რომელსაც განიცდიან მორცხვი და დაკომპლექსებული ადამიანები, ჩნდება იქიდან, რომ ისინი არაცნობიერად თავს ადარებენ სხვებს — სწორედ ამიტომ უჩნდება ადამიანს ეჭვები და საკუთარ უძლურობასთან დაკავშირებული შიშები. ამიტომ, შიშების დაძლევისთვის აუცილებელია ვაცნობიერებდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევადაროთ თავი სხვა ადამიანებს.

თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. შენ ხარ ისეთი როგორიც შეგქმნა ღმერთმა. ხოლო ღმერთმა კი ყველას თანაბარი შესაძლებლობები მოგვცა. სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი საკუთარი შიშებით ახდენს თავისი შესაძლებლობების შენიღბვას. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შიშის გამო ვერ ხდება იმ შესაძლებლობებისა და ტალანტების გამოაშკარავება, რომლებიც აბსოლუტურად თითოეულ ჩვენგანშია.

დაიმახსოვრე — ნებისმიერ სიტუაციაში შენ უნდა იყო თავისუფალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშინდე შეცდომების დაშვებას.

არ არის საჭირო შიში და ზედმეტი  უსაფუძვლო განცდები. შიში და განცდა ხელს გიშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე ეს საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე.

რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოს, ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება ხშირად გაიღიმო, მხრებში გამართულმა იარო და ბევრი იმღერო. დიახ, დიახ იმღერო. პირადად მე დილის ლოცვის შემდეგ შეგნებულად ვმღერივარ და თანაც ვმღერივართ მთელი ოჯახით, ეს შესანიშნავია დილის პოზიტიურად დაწყებისთვის, მაგრამ მოდი ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ…

საკუთარ თავზე მიზან მიმართული მუშაობა შეასნიშნავ შედეგებს იძლევა. როდესაც ჩვენი დილა პოზიტიურად იწყება, შიში და უაზრო განცდები ხედავენ, რომ მისამართი შეეშალათ. ისინი გრძნობენ, რომ იქ მათი ადგილი არ არის და მომენტალურად გვტოვებენ.

არ გჯერა? ეგ უკვე შენი პრობლემაა… და თანაც სერიოზული პრობლემა 😉

შენ იცი, რომ რაც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში ადამიანები თავად ძერწავენ საკუთარ კომპლექსებს? …და ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი ამ კომპლექსებზე ახდენენ თავიანთი ყურადღების ფოკუსირებას. ის, რისგანაც ჩვენ ვქმნით კომპლექსებს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ღირსებებად ვაქციოთ.


ყველაფერი ჩვენს დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული! © მე


ანუ, სამყაროსთან, საკუთარ თავთან, საკუთარ ღირსებებთან და ნაკლოვანებებთან სწორი დამოკიდებულება — აი ეს არის უკომპლექსო და თავისუფალი ცხოვრების სათავე.

ენდე საკუთარ თავს, დაიწყე საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა მოქმედება, შემოუშვი შენს ცხოვრებაში ცნობიერება, გაიხსენი სიახლეებისადმი, გამოიჩინე გამბედაობა.

აიღე ფურცელი და კალამი და ჩამოწერე ის თვისებები, რომლებიც გინდა, რომ გამოიმუშაო.

მაგალითად:

  • "მე თავდაჯერებული ადამიანი ვარ";
  • "მე არ მეშინია შეცდომების დაშვების";
  • "მე თავისუფალი ვარ კომპლექსებისგან";
  • და ა.შ.

ჩამოწერე ყველაფერი, რაც გსურს და ყოველ დღე გაიმეორე ეს პროცედურა, ხოლო წერის დროს შეეცადე ნათლად წარმოიდგინო ის, რასაც წერ. ანუ, პირველ რიგში შენ უნდა გაიგო რა გინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე, რომ ახალი თვისება თავისით არ დაგემართება. ხოლო, თუ დისციპლინირებულად და მიზანმიმართულად იმუშავებ ახალი ჩვევის გამომუშავებაზე, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ დროთა განმავლობაში შენ აუცილებლად მიაღწევ საწადელს.

იცოდე, რომ პირველ რიგში შენ საკუთარ თავს უნდა მოეწონო და არა სხვებს. გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია და შეუძლებელია ყველას მოაწონო თავი. იყავი ნატურალური და დაიცავი გამჭვირვალობის კანონი — იყავი ის, რაც ხარ და ნუ ითამაშებ.


როდესაც ცდილობ ითამაშო "კაი ტიპის" როლი, ყველაზე "ცუდი ტიპი" ხდები! © მე


ძალიან მნიშვნელოვანია იყო საკუთარ თავში და სიტყვებში დარწმუნებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ლაპარაკობ იყოს სიმართლე და შენი ცხოვრების სტილი 100%-იან კონგრუენტულობაში [თანხვედრაში] მოდიოდეს შენს სიტყვებთან.

მხოლოდ ასეთი შეთანხმებული ჩვევები გაქცევენ რასაც ჰქვია წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად. შენ დაგაფასებენ და რაც მთავარია — შენ ეყვარებით, ხოლო როგორც მოგეხსენება სიყვარული ყველანაირი ურთიერთობის მწვერვალია. შენი ცხოვრება გახდება ნათელი და საინტერესო, და შენ შეძლებ, რომ პირადი მაგალითით შთააგონო მილიონობით ადამიანი და შეცვალო მათი აზროვნება!

ახლა კი, მინდა შემოგთავაზო ამონარიდი ჩვენი გუნდის დახურული ტრენინგიდან, სადაც სწორედ კომპლექსების თემას შევეხეთ და განახო, თუ როგორ უმკლავდებით ჩვენ, ამ პარაზიტ კომპლექსებს 🙂

P.S. რა კომპლექსები გაქვს და როგორ უმკლავდები მათ პირადად შენ? გაგვიზიარე კომენტარებში შენი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

P.P.S. როგორ მოგეწონა ჩვენი ტრენინგი და კომპლექსებთან გამკლავების მეთოდი? 🙂

პატივისცემით, სიყვარულით და რწმენით — გიორგი თვალაძე!


Tags: , , , , ,

20 комментариев to “როგორ მოვიშოროთ კომპლექსები?”

  1. მარი:

    როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო და სახალისო ტრენინგები გაქვთ, ბატონო გიორგი:) პოსტებიც ძალიან ძალიან სასარგებლოა პირადად ჩემთვის! დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი თქვენს ტრენინგებს თუკი შესაძლებელია.

  2. მიხეილ:

    ძალიან საინტერესო და სახალისო ტრეინინგები გაქვთ, ყოჩაღ!!! მეც მინდა დასწრება …..

  3. ნონა დათუაშვილი:

    მეც დიდი სურვილი მაქვს დაგესწროთ ტრეინინგზე, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ეს?

  4. ნოდო:

    ძალიან საინტერესო იყო… საიტითაც და საიტზე განთავსებული მასალებითაც მოხიბლული ვარ დიდი ხანია… ბატონო გიორგი,თქვენს ტრენინგებს რაც შეეხება,მაინტერესებს,სად ატარებთ? სურვილი მაქვს,რომ დავესწრო თქვენს ტრენინგებს…

  5. კომპლექსები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის ყველაზე დიდი მტერი და წინაღობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დარწმუნებული ვარ, თუ კარგად გავაანალიზებთ, ადამიანთა წარუმატებლობის ნებისმიერი მიზეზი საბოლოოდ მაინც რომელიმე კომპლექსთან მიგვიყვანს 🙂

    უღრმესი მადლობა გიორგი, შენმა პოსტმა და ვიდეორგოლმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა და ჩამახედა საკუთარ თავში და თანაც ახლებურად დამანახა და გამაანალიზებინა ჩემს მიერ კომპლექსებთან გადატანილი «ომების» ისტორია 🙂

  6. თიკო:

    კი ეს გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მართლა მახინჯები არიან და მათ არც არავინ აქცევს ყურადღებას. ამ შემთხვევაში ასეთმა ადამიანმა რა უნდა ქნას საკუთარი თავის მოტყუებას ისევ ჯობია გამოასწოროს ის რაც აწუხებს და გაიკეთოს ოპერაცია. თუმცა სამწუხაროდ ზოგს ოპერაციაც ვერ შველის.
    ეს საზოგადოებაა ასეთი საზოგადოება არ იღებს ადამიანს ისეთს როგორიც არის. მაგალითად ავიღოთ წყვილი, რომელთაგანაც ერთი კარგი გარეგნობისაა და მეორე უშნო. მთელი ქვეყნის სალაპარაკო ხდება და გაკვირვებულია ყველა თუ როგორ შეიყვარეს ეს შეუხედავი ადამიანი. უკე სასაცილო და გაუგებარიც კია ზოგისთვის თუ როგორ შეიძლება ადამიანის შინაგანმა სამყარომ მოგხიბლოს და ამოუცნობია მათთვის თუ რა ხდება და რატომ მოხდა ისეთი მაგალითი, როგორიც ზემოთ მოვიყვანე. ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ გარეგნობაზეა გადასული და ისეთი შთაბეჭდილება იქმენება, რომ მათ მდიდარი შინაგანი სამყარო არ გააჩნიათ, თითქოს მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობენ და რაიმე მოვლენის ჩაღრმავება მათთვის უცხოა, ზერელე ხალხია.
    ნუ როცა ადამიანი არ არის უშნო, მაგრამ მაინც დაკომპლექსებულია ეს სულ სხვა თემაა.

  7. თაკო:

    მე მრცხვენია გაწითლების. გაწითლების შიში «მატორმუზებს» ბევრ რამეში. ურთიერთობებიდან დაწყებული პროფესიული მიზნების მიღწევამდე. როგორ დავძლიო არ ვიცი :((

  8. ნიიი:

    თაკო ეგ კომპლექსი მეც მაწუხებს. დიდი ხანია. იქნებ დავეხმაროთ ერთმანეთს ., დამეკონტაქტე თუ სურვილი გაქვს. nino9999 ჩემი სკაიპია

  9. ბეკა, პოლონეთი:

    ეხლა წავიკითხე რჩევები და ვიდეოსაც ვუყურე. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ იმით რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები გვყავს. თორე სიახლე არაფერი არ ყოფილა. მაგრამ, მთავარი ისაა, ამ ადამიანმა რაც ისაუბრა, ბავშვებმა რომ სწორად გაიგონ და გააანალიზონ. წარმატებები

  10. გივი:

    კარგი იყო,სხვა ტრენინგის მასალებიც გამოაქვეყნეთ თუ შეიძლება

  11. ნათია:

    ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი სტატია და ვიდეოა ტრენინგიდან :)სიამოვნებით შემოგიერთდებოდით ტრენინგზე თუ არის ამის საშუალება.წარმატებებს გისურვებთ ბატონო გიორგი ამ კარგ საქმეში.

  12. მაგდალინა:

    ძალიან მომწონს თქვენი ვებინარები და სტატიები.კარგ საქმეს აკეთებთ საზოგადოებისათვის:) აი კომპლექსების დაძლევასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს შესწორებას შევიტანდი და დავამატებდი, თვითშეგონების მეთოდების გამოყენებისას, ანუ რდესაც ქვეცნობიერს აპროგრამებ არ უნდა გამოიყენე ნეგატიური სიტყვა თუნდაც ასე: «მე არ ვარ ეჭვიანი», ჯობია დაწერო მე ვარ თავდაჯერებული, ან სხვა რამ დადებითი, არც «მე თავისუფალი ვარ კომპლექსებისაგან» სჯობს, «მე ვარ უნიკალური, განსაკუთრებული» ან რაიმე დადებით შეცვალო სიტყვა კომპლექსები. ეს იმიტომ რომ ქვეცნობიერი და არაცნობიერი ვერ აფიქსირებს რომ შენ ის არ გინდა, აფიქსირებს სიტყვებს. მე ვუშვებდი ამ შეცდომას თვითშეგონების ფორმულის გამოყენებისას და მთელი 21 დღის განმავლობაში დისკომფორტს ვგრძნობდი, რატომ მაშინ გავიგე როდესაც ფილმს «secret»- ს ვუყურე. კარგად ახსნეს ეს ყველაფერი. წარმატებებს გისურვებთ 🙂

  13. სალომე:

    საინტერესოარ ძალიან

  14. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგია

  15. ძალიან საინტერესო ტრენინგია. =)
    კიდევ ერთი რჩევა:დაამსხვრიეთ თქვენს თავში ყველა იმ ადამიანის «კულტი»,ვინც დაგაკომპლექსათ,როგორც ჩანს ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ თქვენს ცხოვრებაში,რადგან მათი აზრი ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის.
    გაითვალისწინეთ:ის, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და თქვენი ყურადღების ღირსია,არასდროს დაგცინებთ თქვენ.

  16. ირინა:

    როგორ დაეხმარებით აბიტურიენტს, რომელმაც მშვენიერი ქულებით გადალახა ყველა გამოცდა, მაგრამ უნარებში სულ რაღაც 1 ქულის გამო ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე? (ეგრეთწოდებული უფრო ცუდი მოსწავლეები კი მშვენივრად ჩაირიცხნენ). ეს ოჯახისთვისაც შოკი იყო, ბავშვზეც ძალიან იმოქმედა…ეს ყმაწვილი სპორტსმენი გახლავთ, ქვეყანაც რომ გადატრიალდეს, ვარჯიშს არაფრით გააცდენს. ასევე დაკავებულია ხატვით, ხატწერაზეც აქვს კურთხევა. ბუნებით ჩაკეტილია, არ საუბრობს ემოციებზე, სულ რაღაც 3-4 მეგობარი ჰყავს და მხოლოდ მათთან გრძნობს კომფორტს…მშობლისგან ელემენტარულ შენიშვნაზეც უხეშად რეაგირებს..
    მასწავლეთ როგორ დავეხმარო

  17. juna beradze:

    მომეწონა თქვენი ტრეინინგები, დროს სიამოვნებით გამოვნახავდი ამისთის

  18. აკო:

    ძაან მაგარი ტრენინგია იყო 😀 😀

  19. მინდა ყველაფერში წარჩინებული და წარმატებული ვიყო.სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. ვშრომობ, ვმეცადინეობ ამა თუ იმ საგანში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება სულ ვიბნევი, ყველაფერი მავიწყდება და ვერაფერსაც ვერ ვპასუხობ. აი მაგალითად დავდივარ მუსიკაზე ფანდურზე, სადაც ყოველთვის გვაქვს სახლში სამეცადინო. სახლში ვიმეცადინებ, ვგებულობ, მაგრამ გაკვეთილზე ვიბნევი, მრცხვენია, მეშინია რომ ვერ ჩავაბარებ და ა.შ. საშინლად ვმწარდები როცა მასწავლებელი მეუბნება არ გიმეცადინიაო, საშინლად განვიცდი და დაწყებული საქმის მიტოვება და თავის დანებება მინდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა სულ ასე მემართება. სახლშიც სულ მეჩხუბებიან ამაზე. მინდა როგორღაც მოვიშორო ეს პრობლემა მაგრამ არ გამომდის.ისე დიდი მადლობა ასეთ ინფორმაციებს რომ დებთ ძალიან მეხმარებით ბევრ რამეში

  20. კარგია მომეწონა ძალიან მაგრამ როგორ მოვხვდე თვენს ტრენინგზე????

Leave a Reply